მიხეილ დაუშვილი - მზად ვართ, ბიზნესს სასამართლო მეგობრის რეკომენდაცია გავუწიოთ
მიხეილ დაუშვილი - მზად ვართ, ბიზნესს სასამართლო მეგობრის რეკომენდაცია გავუწიოთ

ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად არის, ბიზნესს აპარატის ახალი ფუნქციით, ე.წ. სასამართლო მეგობრის რეკომენდაციით დაეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ადგილობრივი ბიზნესის ყველაზე მტკივნეული საკითხები განიხილეს, რომლითაც კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენს ყველაზე ხშირად მიმართავს. დისკუსიის დროს დაუშვილმა აღნიშნა, რომ მისი აპარატის დაკვირვებით, ბიზნესი ყველაზე მეტად პროგნოზს დაქვემდებარებულ ბიზნესგარემოს ითხოვს და გაჭიანურებული სასამართლო თუ ადმინისტრაციული პროცედურები აწუხებს.

„ყველაზე ხშირი მომართვიანობა ეხება საგადასახდო დავებს, ლიცენზია-ნებართვებს, სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს და უამრავ სხვა თემას. თუმცა, რომ განვაზოგადოთ, ბიზნესის მთავარი გამოწვევა, ჩვენი დაკვირვებით, არის განჭვრეტადობა. იგულისხმება, რომ ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი იყოს განჭვრეტადი. ყველაზე ხშირად ბიზნესის წუხილი უკავშირდება გაჭიანურებულ პროცესებს, რომელიც მოიცავს, როგორც სასამართლო დავებს, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი განმარტებით, ბიზნესს სასამართლო დავების დროს შეუძლია, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ახალი ფუნქცია, ე.წ. სასამართლო მეგობრის რეკომენდაციაც გამოიყენოს, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და უკვე შედეგიც მოიტანა.

„ყველა იმ სუბიექტის საყურადღებოდ, ვისაც ჩვენი დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს, მინდა ვთქვა, რომ შარშან კანონში შევიდა ცვლილება და ამოქმედდა ბიზნესომბუდსმენის სასამართლო მეგობრის ფუნქცია. ნებისმიერ საქმეში, როდესაც ჩვენ დავინახავთ ბიზნესის კანონიერი უფლებების დარღვევას, მზად ვართ, სასამართლოს მივმართოთ სასამართლო მეგობრის რეკომენდაციით და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ რა ნაწილში დაირღვა კომპანიის თუ ნებისმიერი სხვა სამეწარმეო საზოგადოების კანონიერი ინტერესები. თან, ამ ტიპის რეკომენდაციის დამატებითი ფუნქცია და ღირებულება ისაა, რომ თან ახლავს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ნებისმიერ საკითხს, რომელიც ჩვენთან შემოდის არ შევხედოთ მხოლოდ ვიწრო ჭრილში, არამედ მოვიკვლიოთ საერთაშორისო პრაქტიკა და ამით დამატებითი ღირებულების მქონე რეკომენდაცია მივცეთ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს. ჩვენ დავინახეთ გარკვეული დარღვევები კონკრეტულ საქმეებში და უკვე გამოვიყენეთ სასამართლო მეგობრის ფუნქცია და შედეგიც დადგა – სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია“, – განუცხადა მიხეილ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი