მიხეილ დაუშვილი - კატეგორიულად მიუღებელია, „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას, როგორ შეიძლება, უცხოელების საფარქვეშ ადეიშვილმა ვიღაცები შემფასებლებად დანიშნოს
მიხეილ დაუშვილი - კატეგორიულად მიუღებელია, „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას, როგორ შეიძლება, უცხოელების საფარქვეშ ადეიშვილმა ვიღაცები შემფასებლებად დანიშნოს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე პარტიას „საქართველოსთვის“ რადიკალურად სხვანაირი ხედვა აქვს.

„პირდაპირ გეტყვით, პროექტს, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას მაშინ, როდესაც დღევანდელი სასამართლო მათი შექმნილია და მერე „ოცნებამ“ გადმოიბარა. ეს მანკიერებები რაც არის, მათი შექმნილია. ამ სფეროს რომ გაეკარონ, განსაკუთრებით მას შემდეგ არ აქვთ უფლება, რაც გასულ წელს „ოცნებას“ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში. ამის შემდეგ, საერთოდ, „ნაცმოძრაობამ“ სასამართლო რეფორმაზე არც უნდა ილაპარაკოს. ჩვენი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რადიკალურად სხვანაირია. ჩვენ არ გვჯერა, რომ იქ, უცხოელების საფარქვეშ ადეიშვილმა ვიღაცები დანიშნოს შემფასებლებად. როგორ შეიძლება ეს მისაღები იყოს?“ – განაცხადა დაუშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.