მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ
მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მშობლების ვაქცინაციაზე.

ჩხენკელის თქმით, მშობლების აცრა აუცილებელია, რათა საკლასო ოთახებში სწავლა შენარჩუნდეს.

„მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მინდა, განსაკუთრებით  გავამახვილო ყურადღება ბავშვების მშობლებზე. ჩვენს ბავშვებს რომ ჰქონდეთ საშუალება,  გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან, რათა ჩვენს ბავშვებს ეს საშუალება ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე სწავლა დაიწყება საბავშვო ბაღებშიც.