მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლის“ ფარგლებში, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ ძალიან საინტერესო გაკვეთილები, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან
მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლის“ ფარგლებში, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ ძალიან საინტერესო გაკვეთილები, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან

პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში და მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველ არხზე პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში ტელეგაკვეთილების ჩაწერის პროცესს გაეცნო.

„მინდა, გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პირველ არხთან ერთად, 30 მარტიდან ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ჰქვია „ტელესკოლა“. ამ პროექტის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში და მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ტელესკოლის ფარგლებში გაკვეთილები ჩაუტარდება ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

„გაკვეთილებს ჩაატარებენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბიტურიენტის საათს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ჩვენს აბიტურიენტებს გაუწევენ კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის იქნება ცალკე საგაკვეთილო ბადე, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ ენას. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ ასევე ექნებათ მეცადინეობები თავიანთ მშობლიურ ენაში. ამ საგნებს უახლოეს მომავალში სხვა საგნებიც დაემატება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შაბათ-კვირას ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები გავა ეთერში, რომელიც არამხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ ყველა ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი.

„ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ყველას, მთელ მოსახლეობას შევთავაზებთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია როგორც საქართველოში, ასევე ცნობილი უცხოური ტელეკომპანიების მიერ და ნათარგმნია ქართულ ენაზე. სულ ცოტა ხანში ამ პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორებიც და შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ყველასთვის გასაგებ ენაზე თავიანთი საგნებისა და დისციპლინების ხიბლს დაანახებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს იქნება ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი – უნივერსიტეტი სკოლას. მინდა, ყველას ვუსურვო დიდი წარმატება ამ ძალიან საინტერესო გზაზე, რასაც განათლების მიღება ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლას“ იწყებენ. „ტელესკოლა“ 30 მარტიდან დაიწყება. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შეეძლებათ, რომელიც 30 მარტიდან სახელით „პირველი არხი – განათლების“ იმაუწყებლებს.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

დატოვე კომენტარი