მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბის სასწავლებელი ვერ იარსებებდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება
მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბის სასწავლებელი ვერ იარსებებდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბის სასწავლებელი ვერ იარსებებდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მან უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან უნივერისტეტში აქტიური აკადემიური ცხოვრება იწყება.

„სექტემბრიდან უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს. იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება. ეს უნივერსიტეტი გახლავთ მსოფლიო დონის უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც შეადგენს ერთ მილიონ ევროს.

აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამებზე. უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში.

ონლაინ რეჟიმი დაგვეხმარება, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევითი ნაწილი. მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც განთავსებული იქნება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას. ეს უნიკალური ცენტრი იქნება. ციკლოტრონების აწყობა მიმდინარეობს, პროექტი 40 მილიონი ევროს ღირებულებისაა და მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. სიმსივნის მკურნალობის პარალელურად, აქ იქნება მაღალი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში.

აკადემიური თამასა აქ არის ძალიან მაღალი. ყველა ლექცია იქნება ინგლისურ ენაზე“, – აცხადებს განათლების მინისტრი ნიკოლოზ ჩხენკელი.

საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და 2020 წლის შემოდგომიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზადაა, სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.