ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტების მისაღებად მზად არის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეწვია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტების მისაღებად მზად არის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პრემიერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უმასპინძლეს. მთავრობის მეთაურთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში – გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უაღრესად დიდი პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით განხორციელდა.

„რაც ჩვენ ვნახეთ, არის უაღრესად შთამბეჭდავი. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ცალკე აღებულ საგანმანათლებლო დარგს სისტემურად მიუდგე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა აქ. აქ იყო ჭაობი და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია. ემოციებს რომ თავი დავანებოთ, დღეის მდგომარეობით,  ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება რომელიც აქ უნდა მიიღონ,  მათ მისცემს შესაძლებლობას, გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ, ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება იქნება ძალზედ პრობლემური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აღნიშნული პროექტისთვის გაღებული ინვესტიციის ოდენობა, დაახლოებით მილიარდი ევროა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი,“ – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი ხდება და ამას კიდევ დამატებითი მიზიდულობის ძალა ექნება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი სტუდენტი ისწავლის სულ მალე აქ. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა ასევე გახლავთ ერთობლივი კურსები და პროგრამები მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ესეც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში დამატებით კომპეტენციას, ცოდნას მოიტანს”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამები ინგლისურ ენაზე იქნება შეთავაზებული, ხოლო ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში სწავლას უცხოელი სტუდენტებიც შეძლებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2020-2021 სასწავლო წელს KIU-ში ჩაბარების სურვილით 1 000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

„საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, 153 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

პირველი ნაკადის სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტის პოსტს იკავებს“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„მომდევნო ეტაპზე უნივერსიტეტის ბაზაზე, პროტონული თერაპიის საშუალებით, სიმსივნესთან ბრძოლის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პროვაიდერ IBA-სთან თანამშრომლობით, ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად, განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა, განთავსდება ორი ციკლოტრონი. ერთი სიმსივნის მკურნალობისთვის, მეორე კი ონკოლოგიაში სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფონდ „ქართუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსება. საქართველოში, ცენტრი პირველ პაციენტებს 2024 წლიდან მიიღებს. Proteus ONE solution-ის ხელშეკრულება გულისხმობს შეთანხმებას გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია. მსოფლიო დონის მეგაპროექტის იდეა და კონცეფცია ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ქუთაისში უნივერსიტეტის დასაარსებლად ივანიშვილების ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება გასწია.

უნივერსიტეტის მიზანია კვლევის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რეგიონში ადრონული თერაპიის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.