მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით
მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით

ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოცდებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

განათლების მინისტრის თქმით, საგამოცდო ცენტრების კონდიცირების სისტემით აღჭურვა უკვე დასრულდა.

მისივე განცხადებით, კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი.

„ვენტილატორები ყველა სკოლაშია. ასევე, წყლის დისპენსერები ყველა ცენტრშია. ყველა პირობაა შექმნილი, რათა გამოცდებმა ჩაიაროს მშვიდად. რადგანაც 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცხადებულია ატიპიური მაღალი ტემპერატურა, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში და უკვე ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. უცხოეთიდან ველოდებით ახლა კონდიციონერების შემოსვლას და კვირის ბოლომდე, რამდენიმე დღეში კონდიციონერები იქნება ყველგან“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, პრობლემა ელექტროქსელმა შექმნა, რომელიც კონდიცირების სისტემის დატვირთვას ვერ უძლებს.

„წელს პირველი წელია 14 წლის განმავლობაში, როდესაც ცენტრების კონდიცირება ხდება. პირველად დავძარით ეს საკითხი, რომ კონდიციონერები შემოგვეტანა. მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლები, სადაც საგამოცდო ცენტრებია, ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიცირების დატვირთავას. რადგანაც 2-დან 5 ივლისის ჩათვლით გამოცხადდა ატიპიურად მაღალი ტემპერატურა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გარედან შეგვეყვანა კაბელი, რომ ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას. გამოსაცვლელი ელექტროქსელი ყველა სკოლაშია და ეს აუცილებლად მოხდება ყველა სკოლაში მომდევნო წლისთვის“, – აღნიშნა საქართველოს განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.