მიხეილ ბენიძე - გაუგებარია, როგორ უნდა გადაამოწმოს სამაუწყებლო კომპანიამ რომელიმე კვლევა
მიხეილ ბენიძე - გაუგებარია, როგორ უნდა გადაამოწმოს სამაუწყებლო კომპანიამ რომელიმე კვლევა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პრაქტიკულად საუბრობდა იმაზე, რომ სამაუწყებლო კომპანიებმა უნდა გადაამოწმონ NDI-სა და IRI-ს კვლევები, რომელთა მიხედვითაც მათ შეიძლება, გადაწყვიტონ კვალიფიციურია თუ არა სუბიექტი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განუცხადა.

„გაუგებარია, როგორ უნდა გადაამოწმოს სამაუწყებლო კომპანიამ რომელიმე კვლევა, უნდა ჩამოურეკოს 3000 რესპონდენტს და გამოიკითხოს, როგორ უპასუხა ამა თუ იმ კითხვას?“ – აღნიშნა ბენიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა კორუფციის რისკებს, რომ მოხდეს გარიგება და ტელეკომპანიამ საკუთარი დაკვეთილი კვლევით მიანიჭოს პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ბენიძე პასუხობს:

„კანონში არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებლდეს კვლევა, მაგრამ სამაუწყებლო კომპანია თავად ვერ მოახდენს კვლევის გადამოწმებას. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ თავად უნდა ჩაატაროს მეორე კვლევა, რომელიც პირველ კვლევას გადაამოწმებს. ეს ცოტა კომიკურია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამასთან, ბენიძის თქმით, მიუღებელია მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის ტონიც.

„კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა აღვნიშნო – ზოგადად დიდაქტიკური ტონი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებსაც მიგითითებდათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, როგორ უნდა გააშუქოთ ესა თუ ის საკითხი. ჩვენც, დამკვირვებლებსაც მოგვიწოდებდა, რა უნდა შვეიტანოთ ჩვენ ანგარიშში. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდებდა, რა უნდა გააკეთონ მათ. ძალიან სასაცილოა, როდესაც მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი ასეთი დიდაქტიკური ტონით მიუწოდებს დანარჩენ დაინტერესებულ მხარეებს, რა უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა ბენიძემ.

კომუნიკაციების კომისიის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში აბსოლუტური ტყუილები წერია და მოითხოვა, ორგანიზაციამ ანგარიშიდან არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ამოიღოს.

 

დატოვე კომენტარი