კახა ბექაური - „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში აბსოლუტური ტყუილები წერია, საქმე გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობასთან
კახა ბექაური - „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში აბსოლუტური ტყუილები წერია, საქმე გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობასთან

„სამართლიანი არჩევნების“ არაკვალიფიციური მონიტორები-ანალიტიკოსები როგორც ჩანს ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება კალენდართან მიბმული ვალდებულება არ არის, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომელმაც შეაფასა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში.

როგორც კახა ბექაურმა განაცხადა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მაუწყებლებს პოლიტიკური რეკლამისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.

„სამართლიანი არჩევნების“ არაკვალიფიციური მონიტორები-ანალიტიკოსები, როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება კალენდართან მიბმული ვალდებულება არ არის. იმას იმიტომ ჰქვია პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან მიბმული ვალდებულებები, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან არის ვალდებული. შესაბამისად, კანონში წერია, რომ არაუგვიანეს 50-ე დღისა, შეუძლია მაუწყებელს, რომ პოლიტიკური რეკლამა განათავსოს, მაგრამ როცა განათავსებს, რომელი დღეც არ უნდა იყოს კალენდარში, ამ პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულებაა ის, რაც წერია კანონში და ის ყველაფერი უნდა დაიცვას. ამაზეა ლაპარაკი და „სამართლიანი არჩევნების“ არაკვალიფიციური მონიტორები როგორც ჩანს, ვერ ხედავენ ან იგნორირებას უწევენ.

წესით და რიგით, მათი მიზანი უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, საკითხი მოჰყავთ არასაარჩევნო პერიოდის, 2017 წლის 15 ივნისის. ამიტომ ვსვამ კითხვას, რატომ გასცდნენ საარჩევნო პერიოდს, საერთოდ რა მიზანს ემსახურება და კონკრეტულად არჩევნების სამართლიანი მონიტორინგის გარდა, სხვა რამე მოტივები ხომ არ არის მათ შუალედურ დასკვნაში, ზოგადად, მათი ქცევის მოტივებში“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც კახა ბექაურმა განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე აბსოლუტური ტყუილები წერია.

„ანგარიშში არასწორადაა მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები. რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე. სიმართლეს არ შეესაბამება ორგანიზაციის განცხადება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.

სინამდვილეში ეს საკითხი ეხება არა საარჩევნო პერიოდს, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს მათი მონიტორინგი და ეს შუალედური ანგარიში, რომელიც იცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კეთდება, ეს საკითხი 2017 წლის 15 ივნისს იყო, ანუ ერთი წლის წინ მიიღო კომისიამ ამ საკითზე გადაწყვეტილება, კერძოდ, „რუსთავი 2“ დააჯარიმა არასაარჩევნო პერიოდში. მოგეხსენებათ, მაშინ ერთი წლის წინ არასაარჩევნო პერიოდი არ იყო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, სადაც წერია, რომ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება არ შეიძლება.

კერძოდ, მუხლი, სადაც წერია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერი ტელევიზიის არასაარჩევნო პერიოდში, აკრძალული აქვს დაფინანსება. ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლი, სადაც წერია, რომ აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით. ზუსტად ეს იყო დარღვევა ერთი წლის წინ, რის გამოც სამართალდარღვევად ცნო „რუსთავი 2“ კომუნიკაციების კომისიამ. არ დაუჯარიმებია და სასამართლოში დადასტურდა პირველ ინსტანციაში და ეს საკითხი სააპელაციოშია გასაჩივრებული“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გუშინ წარადგინა.

დატოვე კომენტარი