მიხეილ ბენიძე - ჩვენი წყარო არ შესწრებია რამე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად, მას ფოტომასალა არ მოუწოდებია
მიხეილ ბენიძე - ჩვენი წყარო არ შესწრებია რამე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად, მას ფოტომასალა არ მოუწოდებია

ჩვენი წყარო არ შესწრებია რამე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად, მას ფოტომასალა არ მოუწოდებია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. ბენიძე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

„მივაწვდი იმ ინფორმაციას, რაზეც იყო საუბარი ჩვენს განცხადებაში. ჩვენ ზოგადად, რამე საიდუმლო ინფორმაციებს არ ვფლობთ და საიდუმლო ინფორმაციებს არ ვაწვდით ვინმეს ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, საჯაროდ ვსაუბრობთ სწორედ იმ ფაქტებთან დაკავშირებითაც, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი.

ჩვენ არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ამ თათბირზე გაიცა ბრძანება, შესაძლო არის ამ თათბირის მიღმაც იყო სხვა საუბრები. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ცნობილია ჩვენი წყაროსთვის, მათ შორის ამ თათბირზე იყო კონკრეტულად საუბარი“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისივე თქმით, წყაროს ენდობიან, რადგან, პირველ რიგში, ის მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

„გარდა ამისა, ჩვენ გადავამოწმეთ ნაწილი იმ ფაქტებისა, რომელიც გადამოწმებადი იყო ჩვენი მხრიდან და ეს დაემთხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. დანარჩენი უკვე აღემატება ჩვენს ძალებს, რადგან ისეთ საკითხებზე არის საუბარი, სადაც წვდომა ფიზიკურად ჩვენ არ გვექნებოდა“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ჟურნალისტებმა მიხეილ ბენიძეს შეახსენეს 2012 წლის არჩევნების პერიოდი, როცა ასევე საუბარი იყო მასშტაბური გაყალბების ფაქტებზე, თუმცა მაშინ იყო კონკრეტული მტკიცებულებები – ფოტოები, ვიდეომასალა, ახლა კი ეს მტკიცებულებები არ არსებობს და არის მხოლოდ წყარო და დაინტერესდნენ, ასეთ ფონზე, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.

„ვიცი რომ ამ საკითხზე ამ პერიოდშიც იყო საუბარი და შესაბამისად, ახლაც გახდა აქტუალური ეს თემა. როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთ სქემაა ახლაც, თუმცა ჩვენი წყარო არ შესწრებია რაიმე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად მას რაიმე ფოტომასალა არ მოუწვდია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.