მიხეილ ბატიაშვილი - გამოცდების გაუქმების საკითხზე ყველას აქვს თავისი შეხედულება და ეს ჯანსაღი პროცესია
მიხეილ ბატიაშვილი - გამოცდების გაუქმების საკითხზე ყველას აქვს თავისი შეხედულება და ეს ჯანსაღი პროცესია

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ გამოცდების გაუქმების საკითხზე ყველას აქვს თავისი შეხედულება და ეს ჯანსაღი პროცესია.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მიერ ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ნუსხაში ზოგადი უნარების გამოცდის დაბრუნების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმების ფარგლებში უწყება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც პოლიტიკურ, ისე საერთაშორისო წრეებთან და საექსპერტო საზოგადოებასთან ითანამშრომლებს.

„მთავარია, ჩვენ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. დღევანდელ დღესაც დავანახეთ ნაბიჯები, ის რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებით განხორციელდება. ეს არის სკოლამდელი განათლება, სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება. ძალიან კარგია, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ბევრი ახლა დაინტერესდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობთ, ერთობლივად, როგორც პოლიტიკური ძალებთან, ისე ექსპერტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან – ყველა მხარესთან ვითანამშრომლებთ და როგორც ვთქვით, აქ ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ საქართველოში ამ რეფორმებით მაღალი ხარისხის განათლება მივიღოთ”,- აღნიშნა მინისტრმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა გახდეს.