სერგი კაპანაძე - მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა გახდეს 
სერგი კაპანაძე - მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა გახდეს 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა გახდეს.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები მომავალი თაობებისთვის სახიფათოა.

„განათლების სამინისტრომ დააანონსა გარკვეული რეფორმა უმაღლესი და ზოგადი განათლების მიმართულებით, ორივე კომპონენტი მიზნად ისახავს გამოცდების გაუქმებას. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ზოგადი უნარების ტესტის გაუქმება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტესტი, რათა აბიტურიენტები, უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარი ცოდნით მოხვედრილიყვნენ და არა ნეპოტიზმის, კორუფციისა და სხვა რამის წყალობით. თუ დღეს ეს გამოცდა გაუქმდება, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის დასაბრუნებლად. აქედან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ზოგადი უნარები კანონის დონეზე სავალდებულო გახდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა არც ერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს, არ ჰქონდეს იმისი უფლება, რომ თავისი შეხედულების გამო, ხელის აღებით გააუქმოს გამოცდა ისე, რომ არც ერთი არგუმენტი არ მოიყვანოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.