მიხეილ ბატიაშვილი - დღევანდელი საკადრო ცვლილებები არის მხოლოდ ნაწილი, ცვლილებები გაგრძელდება
იმისთვის, რომ დავიწყოთ რეფორმების სწრაფად განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები, ეს არ არის საბოლოო, ცვლილებები გაგრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ, ასე რომ ვთქვათ, ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებს და ასე შემდეგ.
იმისთვის, რომ დავიწყოთ რეფორმების სწრაფად განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ისიც აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის საბოლოო, იმიტომ რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ დავიწყოთ უსწრაფესი ნაბიჯებით რეფორმების განხორციელება.
განათლება გამოცხადებულია მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად და იმასაც პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ განხორციელდებოდა სისტემური ცვლილებები. დღევანდელი საკადრო ცვლილებები არის მხოლოდ ნაწილი და ვფიქრობთ, რეფორმისთვის უნდა მოვემზადოთ საფუძვლიანად. განათლების ყველა მიმართულებით მოგვიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობთ, ახალმა გუნდმა ახალი ხედვით და მეტი ენერგიით უნდა შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამინისტრო რეფორმის პრეზენტაციას გამართავს.
„წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია, იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ვფიქრობთ უახლოეს პერიოდში ხელს შეუწყობს სისტემის გაჯანსაღებას და ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად, რომელიც, ვფიქრობთ, უსწრაფეს რეჟიმში დაიწყებს რეფორმის ნაბიჯების გადადგმას“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილეები ლია გიგაური, თემურ მურღულია, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.