მიხეილ ბატიაშვილი - აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ხელოვნების მუზეუმში ვითარებას ხვალ ადგილზე გაეცნობიან
მიხეილ ბატიაშვილი - აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ხელოვნების მუზეუმში ვითარებას ხვალ ადგილზე გაეცნობიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ „ახალგაზრდა პატრიოტების“ აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ვითარებას ხვალ ადგილზე გაეცნობიან.

ამის შესახებ მინისტრმა ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ, 14:00 საათზე საინიციატივო ჯგუფის სამი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნობა, რა პროცესი მიმდინარეობს. თუ სამუშაო რეჟიმში საუბარი იქნება კითხვებზე ან საჭირო იქნება განხილვა, ამას უკვე სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ, რაც არის სწორი მეთოდი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

„ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრებმა ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ ხელოვნების მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიზეზით, არ მოხდეს ისტორიული შენობიდან დაცული კოლექციების სხვა სივრცეში გადატანა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში ნაგებობისთვის საჭირო სამუშაოები აპრობირებული მეთოდით განხორციელდეს.