მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ია კერზაიას საქმეზე მისი მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, თანამდებობას დატოვებს 
მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ია კერზაიას საქმეზე მისი მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, თანამდებობას დატოვებს 

პირველივე დღიდან ვაცხადებდი, როგორც კი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიება დასრულდება, სამართლებრივის ნაცვლად მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როგორც კი გამოძიება დასრულდება, მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, მზად ვარ, დავტოვო დაკავებული თანამდებობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.