მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ ზაფხულში კიდევ გაძლიერდება #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია - „სამგურალი“ ზაფხულში კიდევ გაძლიერდება #1TVSPORT

„სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა. წყალტუბოელები 11 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე არიან და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ სამი ქულით ჩამორჩებიან.  გუნდში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ ისაუბრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონი მძიმედ დავიწყეთ. გუნდში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებსაც შეთამაშებისთვის დრო სჭირდებოდათ. გუნდმა ნელ-ნელა საკუთარი თამაში იპოვა და ეს ბოლო დროს შედეგებზეც აისახა. გიორგი ჭელიძის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარებოდა. იმედი გვქონდა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი, ასისტენტებთან, ლევან ხომერიკთან და ივანე მახარაძესთან ერთად, გუნდს კარგად შეეწყობოდა და შედეგს მიაღწევდა.

გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გრძელი სათადარიგოთა სკამია, ახლა მწვრთნელების განკარგულებაში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა. ჯანსაღი კონკურენცია, გადატვირთული კალენდრის პირობებში, მწვრთნელებს როტაციის საშუალება აძლევს.

გუნდში კარგი გარემოა და ეს სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. ველოდებით, რომ ფეხბურთელები კიდევ მოუმატებენ. ჩვენთვის სიურპრიზია ახალწვეული მეკარე ნოდარ ყალიჩავა, რომელიც უკვე ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ის პროფესიონალი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ფეხბურთელია. იმედია, კიდევ მოუმატებს და საქართველოს საინტერესო მეკარე შეემატება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულების შემდეგ არ გავჩერებულვართ, ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს. აქედანვე შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულში „სამგურალი“ კიდევ გაძლიერდება“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.