მიხეილ აშვეთია - დიდი იმედი გვაქვს, რომ სეზონს „სამგურალი“ გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. უახლოესი გეგმების შესახებ კომენტარი მიხეილ აშვეთიამ გააკეთა, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა და ახლახან კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნეს.
„შეკრება დაიწყო 8 იანვარს. მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპს 14 იანვრამდე წყალტუბოში გავივლით. 16 იანვარს კი გუნდი თურქეთში ერთთვიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რვა საკონტროლო თამაშს ჩავატარებთ. განრიგი ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე მოგვიანებით დაიდება.
გუნდში მომხდარი ცვლილებები უკვე დაანონსებული იყო, რომ ახალი ფეხბურთელები გვეყოლებოდა. მოხდა ცვლილებები – „სამგურალს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, ესაა გიორგი ჭელიძე, რომელიც, ასაკის მიუხედავად, უკვე გამოცდილი სპეციალისტია. ჩვენ მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ყველა ერთად ვეცდებით, რომ კლუბმა შეასრულოს ის მიზნები, რაც ახალ სეზონში დავისახეთ. ამ ეტაპზე დავიმატეთ ნიკა და ლუკა ხორხელები, ასევე „დინამო თბილისიდან“ ნოდარ ლომინაძე (გასულ სეზონში იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა). სამივე ასაკობრივი ნაკრების წევრია.
რაც შეეხება ლეგიონერებს, მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე 3-4 მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება და ძალიან დიდი იმედია, რომ რამდენიმე დღეში საკითხი დადებითად გადაწყდება და მომავალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით შევხდებით“, – აცხადებს მიხეილ აშვეთია.