მიხაილო ფედოროვის პრესსამსახურის განმარტებით, იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებას და მუშაობას გააგრძელებს

00:26, 30.08.2026

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მიხაილო ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად დანიშვნა „მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის“. ამასთან, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს.

როგორც ფედოროვის პრესსამსახურში განმარტავენ, ეს არ გულისხმობს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შემუშავების, წარმოებისა თუ გამოყენებისთვის საჭირო სპეციალური ინფორმაციის, ასევე სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის ან შეზღუდული წვდომის მქონე ინფორმაციის გადაცემას.

„ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა ქვეყნების მთავრობების ექსპერტებად და მრჩევლებად მიწვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულია. მათ სწორედ კონკრეტულ სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გამო იწვევენ“, – აცხადებენ ფედოროვის პრესსამსახურში და მაგალითად მოჰყავთ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეკონომიკური აღდგენის საკითხებში მრჩევლად მიიწვია. პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ კანადის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი ეკონომიკური განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

ფედოროვის პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მთავრობის დატოვების შემდეგ საერთაშორისო საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას აგრძელებს, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფედოროვს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით კიდევ ათობით პროექტი აქვს დაგეგმილი.

„ამასთან, მიხაილო ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. მისი მთავარი ყურადღება კვლავ აქ იქნება – დაეხმაროს უკრაინას მტრის შეჩერებაში. საერთაშორისო საქმიანობა ხელს შეუწყობს ახალი პროექტებისთვის მეტი ყურადღების, პარტნიორებისა და ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის ანალიტიკური ცენტრისა და ინოვაციური ფონდისთვის, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს უკრაინულ ტექნოლოგიებსა და შეიარაღებაში, რომლებსაც ომის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას დათანხმდა და მისი მრჩეველი გახდება.

მსგავსი