მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას დათანხმდა და მისი მრჩეველი გახდება.
ფედოროვის თქმით, კროზეტოსთან შეხვედრა მისი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება.
მისი განცხადებით, ახალ როლში ის იტალიას თანამედროვე საომარი ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სექტორის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ახალი გლობალური გამოწვევებისთვის ადაპტირებაში დაეხმარება.
„უკრაინასა და ჩვენს გუნდს ტექნოლოგიური ომის უნიკალური გამოცდილება გვაქვს, რომლის გაზიარებისთვისაც პარტნიორებთან მზად ვართ“, – დაწერა ფედოროვმა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მიუხედავად ახალი საერთაშორისო როლისა, მისი მთავარი მიმართულება უცვლელი რჩება და ის უკრაინაში იმ პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვას აძლიერებს და საერთაშორისო რესურსების მოზიდვას უწყობს ხელს.
ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვს სხვადასხვა თანამდებობებს სთავაზობდა, კერძოდ, ტექნოლოგიური განვითარების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე გადასვლას, თუმცა თავად ფედოროვი აცხადებდა, რომ, თავდაცვის მინისტრის პოსტის გარდა, არცერთ სხვა თანამდებობას არ დათანხმდებოდა.