მგზავრებს, რომლებსაც იტალია-საქართველოს მიმართულებაზე ბილეთები დაჯავშნილი ჰქონდათ, „ვიზეარი“ დროის ცვლილებას, საფასურის სრულ ან „ვიზკრედიტზე“ 120 პროცენტიან ანაზღაურებას სთავაზობს
მგზავრებს, რომლებსაც იტალია-საქართველოს მიმართულებაზე ბილეთები დაჯავშნილი ჰქონდათ, „ვიზეარი“ დროის ცვლილებას, საფასურის სრულ ან „ვიზკრედიტზე“ 120 პროცენტიან ანაზღაურებას სთავაზობს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ (WIZZ AIR) საქართველოს მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, საქართველო-იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება იტალიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ვიზეარი“ აცხადებს, რომ მომხმარებლები, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, როგორც კომპანიის ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ მგზავრობის დროის ცვლილება უფასოდ, ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან 120 პროცენტის ანაზღაურება „ვიზკრედიტზე“ (Wizz Credit). მგზავრებს შეუძლიათ, ავიაკომპანიის ონლაინ პლატფორმით ისარგებლონ, სადაც მარტივად შეძლებენ არჩევანის დაფიქსირებას და ამისთვის „ვიზეარის“ სატელეფონო ცენტრში დარეკვა აღარ დასჭირდებათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებიც პირდაპირი ავიარეისებით აპირებდნენ გამომგზავრებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიიდან გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთის ან ბილეთის ჯავშნის ასლები.