მფრინავი ჰოლანდიელის ბოლო სეზონი | ტაიმაუტი
მფრინავი ჰოლანდიელის ბოლო სეზონი | ტაიმაუტი

1981 წელს, ლეგენდარული იოჰან კრუიფი მშობლიურ „აიაქსში” დაბრუნდა. არა უბრალოდ კარიერის დასასრულებლად, არამედ, სათამაშოდ. ასაკის მიუხედავად – ის 34 წლის იყო. ორი სეზონის განმავლობაში, იოჰანი დაეხმარა თავის კლუბს ორჯერ გამხდარიყო ნიდერლანდების ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი.
ლეგენდა თითქოს მეორე ახალგაზრდობა ჰქონდა, მაგრამ 1983 წლის ზაფხულში კრუიფი „აიაქსს“ აღარ დასჭირდა.

მტრების რიგებში გადასვლა

კრუიფის კონტრაქტი მაისში იწურებოდა, ხელმძღვანელობა კი პრეზიდენტ ტონ ჰარმსენის სახით, არ ჩქარობდა ლეგენდარული მოთამაშისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას. ოფიციალური მიზეზი იყო – ფეხბურთელის ასაკი – 1983 წლის მაისში იოჰანს 36 წელი შეუსრულდა. მაგრამ იყო პირადი მიზეზიც. ჰარმსენი ეჭვიანობდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ ავტორიტეტის გამო და დიდად არ უყვარდა კრუიფი. ახალი კონტრაქტი მაინც შესთავაზეს, მაგრამ პირობები დამამცირებელი იყო ლეგენადისთვის. გასაკვირი არ არის, რომ კრუიფმა უარი თქვა. მანვე დაბლოკა გამოსათხოვარი მატჩის იდეა. იოჰანმა გადაწყვიტა ფეხბურთში მინიმუმ ერთი წლით დარჩენა და „აიაქსის” ხელმძღვანელობისთვის იმის დამტკიცება, რომ ცდებოდა. უფრო მეტიც, კრუიფმა აირჩია კარიერის გაგრძელების ყველაზე მოულოდნელი ვარიანტი – „ფეიენოორდში“ წავიდა.

ცნობილია, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთში არ არიან უფრო დიდი მტრები, ვიდრე „აიაქსი“ და „ფეიენოორდი“. ჰოლანდიური „კლასიკოს“ (De Klassieker) დროს, დაძაბულობაა მინდორზეც და მის მიღმაც. და ფეხბურთელის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლა – გაუგონარი მოვლენა იყო. მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელის, როგორც კრუიფი იყო, რომელიც ძალიან უყვარდათ ამსტერდამში და ვერ იტანდნენ როტერდამში. ეს იყო გამოწვევა ყველასთვის.

ინიციატივა მოდიოდა როტერდამიდან. „ფეიენოორდი“, ერთ-ერთი უდიადესი ნიდერლანდური კლუბი და ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ევროთასი მოიგო, კრიზისში იმყოფებოდა. ბოლო ჩემპიონობიდან ცხრა წელი იყო გასული, რომლის დროსაც კლუბი დეგრადირებდა და ხშირად ვერ ხვდებოდა სამ საუკეთესოს შორის. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები. გუნდში ძლიერი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ მათ შორის არ მოიძებნებოდა ქარიზმატული ლიდერი. ვიმ ვან ჰანეგემი ამ როლს ვეღარ ქაჩავდა ასაკის გამო, მით უმეტეს, რომ 1983 წელს, 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და მორიგი მწვრთნელის, „ეინდჰოვენიდან” გადაბირებული ტის ლიბრეჰტსის ასისტენტი გახდა. სწორედ ვან ჰანეგემმა წამოაყენა კრუიფის მიწვევის წინადადება – ისინი 1974 წლის ნიდერლანდების ნაკრებში პარტნიორები იყვნენ. ვან ჰანეგემს დიდი იმედი არც ჰქონდა, რომ იოჰანი დათანხმდებოდა, მაგრამ მან, მოულოდნელად, „კი“ თქვა.

სეზონისთვის მზადებისას, ლიბრეჰტსმა ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეკრიბა: კარში იოპ ჰილე – ნიდერლანდების ნაკრების კანდიდატი და ევროპის მომავალი ჩემპიონი. მიხელ ვან კორპუტმა დაიკავა ბოლო ცენტრალური მცველის პოზიცია, ოდნავ წინ იდგა მაღალი დანიელი ივან ნილსენი. დაცვაში მარჯვნივ იყო ნაკრების ფეხბურთელი ბენ ვეინსტეკერსი, მარცხნივ – სიაკ ტროსტი, ევრო 88-ის კიდევ ერთი მომავალი ჩემპიონი. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა გამოცდილი ბულგარელი ანდრეი ჟელიაზკოვი. პერ ვერმულენი და ანდრე ჰუქსტრმა შეტევის ხაზთან ახლოს, ხოლო ფორვარდების ტრიო შეადგინეს კრუიფმა მარცხნივ, პეტერ ჰუტმანმა ცენტრში და ახალგაზრდა რუუდ გულიტმა მარჯვნივ. გულიტი კრუიფამდე ერთი წლით ადრე, „ჰარლემიდან“ მივიდა როგორც მცველი, მაგრამ როტერდამში შეტევაში თამაში დაიწყო და მეტად წარმატებითაც.

რვა გასროლა „აიაქსისგან”

„ფეიენოორდმა“ მძლავრი სტარტი აიღო – სამი დიდი ანგარიშით მოგება: 4:1 და ორჯერ 5:2. რა თქმა უნდა, მეტოქეები არ იყვნენ გამორჩეულნი – „ვოლენდამი“, „ჰელმონდი“ და „ფორტუნა“, მაგრამ როტერდამელებისთვის მნიშვნელოვანი იყო შეთამაშება. ამ 14 გოლიდან კრუიფისა მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ მან ბევრ გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველი ჩავარდნა მეოთხე ტურში მოხდა, როცა „ფეიენოორდმა” თავი დააღწია სტუმრად „დენ ბოშთან“ წაგებას – მადლობა კრუიფს. შემდეგ იყო ნაწვალები გასვლითი მოგება „ჰარლემთან” და საშინაო 2:0 „გრონინგენთან“.

და აი, დადგა მეშვიდე ტური – „კლასიკოს“ დღე ამსტერდამში. მეტოქეები პირად შეხვედრას ქულების ერთნაირი რაოდენობით (11) შეხვდნენ. იოჰან კრუიფმა „ოლიმპიური არენის“ მინდორზე მშობლიური კლუბის მოწინააღმდეგის რანგში შეაბიჯა. ტრიბუნები ლეგენდას სხვადასხვაგვარად შეხვდნენ, მაგრამ ობსტრუქცია მაინც არ ყოფილა. სამაგიეროდ, მის გუნდს დაადგა ცუდი დღე.

უკვე მეხუთე წუთზე იესპერ ოლსენმა გაუტანა სტუმრებს. ათი წუთის შემდეგ მარკო ვან ბასტენმა შეაგდო, კიდევ 10 წუთში კი პეტერ ბუვემ დიდი ანგარიში დააფიქსირა. მაგრამ „ფეიენოორდმა“ დარტყმას გაუძლო და უპასუხა. ჯერ პეტერ ჰუტმანმა, შემდეგ კი ჰენკ დუტმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 2:3. კრუიფის ახალ გუნდს გადარჩენის შანსი გაუჩნდა. მაგრამ წინ იყო მეორე ტაიმი, რომელიც ჯოჯოხეთად გადაიქცა როტერდამელებისთვის. იოპ ჰილეს კარში კიდევ ხუთი გოლი გავიდა. თან ყველა ბოლო ნახევარ საათში.
თავი გამოიჩინეს კაი მოლენაარმა, რონალდ კუმანმა პენალტით, ორჯერ ვან ბასტენმა და კიდევ ერთხელ ოლსენმა. გამანადგურებელი 8:2. ამბობენ, რომ ტის ლიბრეჰტსმა ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე დაწერა წასვლის შესახებ განცხადება, მაგრამ კრუიფმა და ვან ჰანეგემმა გადააფიქრებინეს. ძირითადად იმის გამო, რომ გუნდს ელოდა უეფას თასის საპასუხო მატჩი შოტლანდიის „სენტ მირენთან“. რეპუტაციაზე დარტყმა უმძლავრესი იყო. ისევე როგორც, დარტყმა „ფეიენოორდის“ საჩემპიონო ამბიციებზე.

რევანში როტერდამში

როტერდამელებმა მოახერხეს შოკიდან გამოსვლა მას შემდეგ, რაც ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს „სენტ მირენი“, ჩემპიონატში კი ზედიზედ სძლიეს „გოუ ეჰედ იგლზსა” და „ალკმაარს“. ამასთან, „კლასიკოს“ შემდეგ, „აიაქსმა“ ორი არააუცილებელი ფრე ითამაშა. ამასობაში, „ფეიენოორდს“ კიდევ ერთი გამოცდა ელოდა – საშინაო მატჩი ლიბრეჰტსის ყოფილ „ეინდჰოვენთან“. ამ მატჩში ვერ ითამაშა ჰილემ, მისი შემცვლელი ბრიუნინგი მეშვიდე წუთზე დაშავდა, მესამე მეკარე კნოპმა, საერთო ჯამში, დამაჯერებლად ითამაშა, ერთი მომენტის გარდა, როცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – 1:1. დასანანი იყო, მაგრამ პარალელურად, „აიაქსმა“ სამი უპასუხო ბურთი მიიღო „დენ ბოშისგან“, რითაც როტერდამელები სუფთა პირველ ადგილზე გადავიდნენ.

ოთხი გოლი „ტოტენჰემისგან“ პირველ ტაიმში ევროპული კამპანიის დასრულებას ნიშნავდა. 2:4, 0:2 ლონდონელებთან. „ტოტენჰემმა“, საბოლოოდ, ტიტული მოიგო, „ფეიენოორდი“ კი შიდა საქმეებზე გადაერთო. საქმეები კი კარგად მიდიოდა. ბრძენი კრუიფი თავადაც იტანდა, მაგრამ უფრო ხშირად მომენტებს უქმნიდა თანაგუნდელებს – ჰუტმანს, გულიტს, ჟელიაზკოვსა და ჰუქსტრას. „ფეიენოორდი“ მატჩს მატჩზე იგებდა, შორდებოდა „აიაქსს“, რომელსაც აშკარად არ ყოფნიდა „კრუიფი და „ეინდჰოვენს“. პირველი წრე ლიბრეჰტსის გუნდმა ლიდერის რანგში დაასრულა – სამქულიანი უპირატესობა ჰქონდა „აიაქსთან“ და ხუთქულიანი „ეინდჰოვენთან“, თან ერთი თამაშით ნაკლები.

წაუგებელმა სერიამ 14 მატჩს მიაღწია – 11 მოგება და მხოლოდ სამი მარცხი. მაგრამ მეტოქისგან გაქცევა მაინც ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, გრონინგენში მოულოდნელმა წაგებამ ორხელისუფლებიანობა დააბრუნა – „აიაქსი“ ლიდერს დაეწია. „გრონინგენთან“ კრუიფს არ უთამაშია. მომდევნო მატჩში „ფეიენოორდს“ „აიაქსი“ ელოდა.
პირველი წრის 2:8 წაგება როტერდამელებს მთელი ზამთარი თან სდევდათ. ძალიან უნდოდათ არა უბრალოდ რევანშის აღება, არამედ მეტოქის დამცირება. მაგრამ ლიბრეჰტსა და მოთამაშეებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ მთავარი ორი ქულის აღება იყო. „ფეიენოორდი“ მინდორზე ძალიან მოტივირებული გავიდა. მე-14 წუთისთვის ამსტერდამელთა კარში ორი ბურთი აღმოჩნდა. ჯერ რუუდ გულიტმა გაიტანა, შემდეგ თავად კრუიფმა შეაგდო თავისი მეცხრე გოლი „კლასიკოში“. მეორე ტაიმში იან მელბიუმ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ანდრე ჰუქსტრამ და ჰენკ დუტმა საქმე განადგურებამდე მიიყვანეს. მართალია, ეს არ იყო 8:2, მაგრამ 4:1 მაინც დამაჯერებლად ჟღერდა. ახლა, რჩებოდა 10-ტურიანი საფინიშო სპურტის სტაბილურად გავლა.

„აიაქსმა“ მომდევნო ტური შინ წააგო „ჰარლემთან“ 0:3. მაგრამ ახლოს იყო „ეინდჰოვენი“, რომელიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა. ურთიერთშეხვედრა ეინდჰოვენში 1:1 დასრულდა – როგორც პირველ წრეში. მაგრამ ჯერ „ფეიენოორდს“ დაეხმარა გულიტის მშობლიური გუნდი „ჰარლემი“, რომელმაც ქულა აართვა „ეინდჰოვენს“, შემდეგ „აიაქსმა“ მოუგო, ბოლოს კი „ალკმაარმაც“ მოინდომა. ფინიშამდე ორი ტურით ადრე, „ფეიენოორდი“ ოთხი ქულით უსწრებდა „აიაქსს“ და ხუთით – „ეინდჰოვენს“. მორიგი დახმარება თანაქალაქელი „სპარტასგან” მოვიდა, რომელმაც 5:2 მოუგო „აიაქსს“, თავად „ფეიენოორდმა“ კი ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა „ვილემს“ და ერთი ტურით ადრე გახდა მეთორმეტედ ქვეყნის ჩემპიონი.

„ფეიენოორდი“ მხოლოდ ჩემპიონატში მოგებით არ შემოიფარგლა – მან ნიდერლანდების თასიც აიღო. მერვედფინალში ბრძოლას გამოთიშა „აიაქსი“, ფინალში კი პეტერ ჰუტმანის გოლმა გაამარჯვებინა „ფორტუნას“ წინააღმდეგ.

იოჰან კრუიფის მიწვევამ 100 პროცენტით გაამართლა. ლეგენდას არ უყვარდა „ფეიენოორდი“, მაგრამ მან დიდ პროფესიონალად წარმოაჩინა თავი. თავად რვა გოლი გაიტანა, რასაც ოცამდე შედეგიანი პასი დაუმატა. ის იყო გუნდის ლიდერი მინდორზეც და მის მიღმაც. შემთხვევითი არ არის, რომ იოჰანი მესამედ აღიარეს ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელად.

ამ სეზონის შემდეგ, იოჰან კრუიფმა დაასრულა მოთამაშის კარიერა და დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, რომელიც არანაკლებ დიადი გამოვიდა.