მეზობლების ინფორმაციით, მცხეთაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი პირია
მეზობლების ინფორმაციით, მცხეთაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი პირია

მცხეთაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გარდაცვლილთა მეზობლები ყვებიან, წარსულში ნასამართლევმა პირმა მამა და ბაბუა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოკლა.

„ჩემი ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა ღამით, ოთხ საათზე, თურმე მამა და პაპა მძინარეები მოკლა. იქამდე ჰქონდათ კონფლიქტი. ეს ბიჭი ციხიდან ოთხი დღის გამოსული იყო. სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. პატარა ასაკიდანვე ციხეში იყო. 15 წელი გაატარა ციხეში. დაახლოებით 30 წლამდე ასაკისაა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გვამები პროზექტურაშია გადასვენებული. ოჯახის სხვა წევრები არ ჰყოლიათ“, – აცხადებს მოკლული მამა-შვილის მეზობელი მარიამ ტატიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.