მევლუთ ჩავუშოღლუ - ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში
მევლუთ ჩავუშოღლუ - ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

თქვენ თუ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, ეს არის გაფრთხილება საბერძნეთისთვის, – თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ​საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე განაცხადა.

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული კუნძულების დაკავებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, გააკეთოს რაც საჭიროა, როცა ამის დრო დადგება. ამასთან, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. ათენის განცხადებით, გემი არ დაემორჩილა საბერძნეთის სანაპირო დაცვის მოწოდებებს, რის გამოც მოხდა მისი დევნა და გამაფრთხილებელი გასროლა.