თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტს გამოეხმაურა ბერძნული მხარეც
თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტს გამოეხმაურა ბერძნული მხარეც

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვაში, თურქეთის კუნძულ ბოზკაადასგან 18 კილომეტრის დაშორებით, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს.

როგორც მედია წერს, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ანატოლიანს“, რომლის ეკიპაჟი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომალის და ეგვიპტის მოქალაქეებისგან შედგებოდა. ინციდენტის ადგილას თურქეთის სანაპირო დაცვის ორი გემი გავიდა, რომლებმაც აღნიშნული გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე მიაცილეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მედია წერს, თურქეთმა საბერძნეთისგან ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება და მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტებები მოითხოვა.

ამასთან, ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურშიც დაადასტურეს.

სამსახურის ინფორმაციით, კომოროსის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ანატოლიანი“ მოძრაობდა საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს და არ დაემორჩილა ბერძნული მხარის მოთხოვნას, შეჩერებულიყო შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც განაგრძო სვლა თურქული კუნძულის მიმართულებით.

მედიის ინფორმაციით, შედეგად საბერძნეთის სანაპირო დაცვის მხრიდან მოხდა გემის მიმართულებით დევნა, რა დროსაც განხორციელდა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა, თუმცა გემი არ შეჩერებულა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თურქული მხარე მომხდარის შესახებ წერილობით გააფრთხილეს.