მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით
მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით

გვესმის საქართველოს მხრიდან ფრთხილი მიდგომა, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამ ფორმატში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ასრულებს, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას.

„როგორც თავიდანვე აღვნიშნე, შეხვედრის დროს სამმხრივ ფორმატზე ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. ჩვენ გვესმის საქართველოს მხრიდან ასეთი ფრთხილი მიდგომა ამ საკითხებისადმი, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პირდაპირ, ორმხრივ ფორმატში ასეთი საუბრის დაწყება შეიძლება, რთული იყოს და მრავალმხრივ ფორმატში შეიძლება, ეს უფრო ადვილი იყოს, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს პოზიციას. ჩვენ სხვა, უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ამ ფორმატების მიმართ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც ცნობილია, ექვსი ქვეყნის მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები გასული წლის ბოლოს გამოვიდნენ. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ამ დროისთვის არსებობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, აზერბაიჯან-ირან-რუსეთისა და თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატები და შესაძლებელია მათი ერთ ფორმატად გაერთიანება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი საქართველოს გაუჭირდება.