დავით ზალკალიანი - ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება
დავით ზალკალიანი - ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხილვა გაგვიჭირდება

მეზობლებს შევთავაზეთ თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის და შესაძლებელია, ამ მიმართულებით განვიხილოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა. კერძოდ, შევთავაზოთ გარკვეული ეკონომიკური ხასიათის, ბიზნესზე ორიენტირებული, ხალხთაშორისი ურთერთობა, კულტურული თანამშრომლობა, უპირველესად, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი რთული წარმოსადგენია.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.​

მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო არ დარჩეს დიდი გეოპოლიტიკური ურთიერთობების მიღმა.

„უპირველესად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლება არაერთხელ აჟღერებდა ინიციატივას, თუნდაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ფორმატის შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ მეზობლებს თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის, და შესაძლებელია, ამ მიმართულებით განვიხილოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა. კერძოდ, შევთავაზოთ გარკვეული ეკონომიკური ხასიათის, ბიზნესზე ორიენტირებული, ხალხთაშორისი ურთერთობა, კულტურული თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. ვინ, თუ არა ჩვენ – სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და მომავალი. ამიტომ ჩვენი შეთავაზება გახლავთ ეს – ამ ფორმატებში ვიმსჯელოთ და იქნება შესაძლებლობა, რომ ამ ფორმატებს შემოუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ამ სულისკვეთებას, იზიარებენ იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებულია რეგიონულ პროექტებთან, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით და ხალხთაშორის ურთიერთობის კუთხით. ვფიქრობ, ეს არის კარგი შეთავაზება, რაციონალური ამ სიტუაციაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამაზე გვექნება მხარდაჭერა და სრული გაგება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.