მეუფე სტეფანე - ჟურნალისტებმა დღეიდან წერილობით მომმართონ კითხვებით და ვუპასუხებ, სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა
მეუფე სტეფანე - ჟურნალისტებმა დღეიდან წერილობით მომმართონ კითხვებით და ვუპასუხებ, სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა

სალხინოში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანემ მრევლი დალოცა და მათ სიტყვით მიმართა. ქადაგებისას მან შენდობა ითხოვა, განაცხადა, რომ მის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. მან მხარეებს სიმშვიდისკენ და გონს მოსვლისკენ მოუწოდა.

მეუფე სტეფანე დღეს განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო. მისი შეფასებით, ჟურნალისტების მიერ ხშირად ხდება ფაქტების დამახინჯება და უტრირება.

„აწი, მათ წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ. დაწერონ რაც უნდა, იგნორს არ გავუკეთებ, დავწერ წერილობით და ვუპასუხებ. ყველაფერზე გავცემ პასუხს, ოღონდ წერილობით. კამათის კულტურა არ არსებობს. შენდობისთვის და ცოდვებზე სასაუბროდ თუ მოვა ვინმე, გამოვუყოფ დროს. სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად კათალიკოს-პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„მინდა, უწმინდესს მივულოცო ბზობის დღესასწაული. ღმერთმა ძალა მისცეს. რაც ჩვენ მოგვითმენია, ზღვაში წვეთია მასთან შედარებით, რასაც ის ითმენს. მალე 45 წელი გახდება, რაც ის ტვირთულობს პატრიარქობის ჯვარს. ვთხოვ, დაგვლოცოს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფემ წირვა გალობით დაასრულა. იგი ამ დრომდე ტაძარში იმყოფება. ეზოში შეკრებილები არიან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ადგილზე რჩება პოლიცია.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.