მეუფე პეტრე - „დაფრანგული“ ისტორიული სიტყვაა, თუ ამ სიტყვით ვინმეს გული ვატკინე, არ მომერიდება, შენდობა ვითხოვო
მეუფე პეტრე - „დაფრანგული“ ისტორიული სიტყვაა, თუ ამ სიტყვით ვინმეს გული ვატკინე, არ მომერიდება, შენდობა ვითხოვო

თუ ამით ვინმეს უნებლიედ გული დაწყდა, ან გულის ტკივილი მივაყენე, არ მომერიდება, შენდობა ვითხოვო, რადგან მიზანი ეს ნამდვილად არ იყო და სწორი არ არის საკითხის ასე წამოჭრა, თითქოს, სიტყვა დაფრანგული შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

„სიტყვა დაფრანგული ჩვენს რეგიონში ძალიან საყვარელი და ისტორიული სიტყვაა, რომელიც რაღაც გასასწორებელს ნიშნავს. ქალბატონი კანდიდატის განცხადებებიდან გამომდინარე, მომეჩვენა, რომ მისი აზროვნება და შეფასებები დაფრანგულია და არის გასასწორებელი. მან თავისი განცხადებების ჩასწორება თავადაც მოინდომა. ღმერთს მადლობა, თუ მან ჩემი მღვდელმთავრული მხილება მიიღო, რამაც ნაყოფი გამოიღო“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ განცხადებით მეუფე პეტრემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ეუხერხულება თუ არა მას ის, რაც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან დაკავშირებით ბრძანა, როცა მას დაფრანგული უწოდა და რამ გამოიწვია ეს განცხადება.