მეუფე პეტრე ცაავა - მეუფე იაკობმა საკუთარ განცხადებებზე პასუხი უნდა აგოს
მეუფე პეტრე ცაავა - მეუფე იაკობმა საკუთარ განცხადებებზე პასუხი უნდა აგოს

მე მას მივიჩნევ, როგორც ხორცმეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისას დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც უნდა მოიკვეთოს, – ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ცაავა მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებებს.

როგორც მეუფე პეტრე ცაავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მეუფე იაკობმა საკუთარ განცხადებებზე პასუხი უნდა აგოს.

მეუფე იაკობმა დღეს განაცხადა, რომ „მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში“.

„ასეთი განცხადება ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააკეთა საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ედიშერ ქარჩავამ. მე მოვითხოვე კომენტარი საეკლესიო კანონის მიხედვით. როდესაც ადამიანი ბრალს გდებს, ან უნდა დაამტკიცოს, ან თვითონ დაისაჯოს იმავე ბრალდებით. საპატრიარქომ დღემდე ყურად არ იღო და მსგავსი უპასუხისმგებლო საერო თუ სასულიერო პირები და იგივე იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი დღემდე საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ. დღემდე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მის ადმინისტრაციას, ვინაიდან მათგან არის წაქეზებული მსგავსი არაადამიანურობა და მსგავსი სამარცხვინო საქციელი საქართველოს ეკლესიაში.

ეჭვი მაქვს, რომ ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა ამას არანაირი გამართლება არ აქვს მით უმეტეს სასულიერო პირისთვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და სახე დღევანდელი სამარცხვინო ეკლესიისა, სამარცხვინო საპატრიარქოსი და სამარცხვინო მმართველობისა, საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

რაც შეეხება მეუფე იაკობის კიდევ ერთ განცხადებას, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მის კაბინეტში პატრიარქის გადადგომის მიზნით, ე.წ. შეთქმულება ეწყობოდა, მეუფე პეტრე ცაავა „ბოდვას“ უწოდებს.

„მეუფის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ამას. მან პასუხი უნდა აგოს ამ განცხადებაზე. ეკლესია ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ კრიზისში შევიდა პატრიარქის მმართველობის ბოლო წლებში, დიდი ეჭვი მაქვს, შეიძლება თვითონ პატრიარქი ხვდება – გადადგას ადეკვატური ნაბიჯი და ეს მავნებლები უშლიან ხელს, რომ ღვთისა და ერის წინაშე იყოს მართალი და ეკლესიას გაუხსნას გზა თავისუფლებისა და გაჯანსაღებისაკენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.