მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდის გადახდას არა 21 აპრილს, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს აპირებს
მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდის გადახდას არა 21 აპრილს, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს აპირებს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე აცხადებს, რომ ის პანაშვიდის გადახდას არა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 21 აპრილს, არამედ კვირაცხოვლობის სამშაბათს, 28 აპრილს აპირებს.

დღეს დილით, სააღდგომო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებაში მეუფე იოანემ განაცხადა, რომ სამშაბათს, 21 აპრილს პარაკლისის გადახდას, ხოლო შემდეგ მრევლთან ერთად საფლავებზე გასვლას აპირებდა.

მეუფე იოანეს განმარტებით, ბრწყინვალე შვიდეულში საფლავებზე გასვლა ადგილობრივი მოვლენაა, ხოლო ეკლესია ამ პერიოდში პანაშვიდებს არ იხდის.

„წმინდა შვიდეულში ეკლესია არ იხდის პანაშვიდებს, პანაშვიდს იხდის კვირაცხოვლობის სამშაბათს. ის, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ ორშაბათს ხალხი გადის საფლავებზე, ეს არის ადგილობრივი მოვლენა. რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 აპრილის ჩათვლით თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლიგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ჩვენ ვამბობთ, კვირაცხოვლობის სამშაბათს, ანუ 28 აპრილს. ვფიქრობ, რომ აქ შეზღუდვა არ უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში ეკლესიაში იქნება პანაშვიდი გადახდილი და ვისაც აქვს სურვილი, რომ მოიხსენიოს, მოვა ეკლესიაში. ეკლესია არ კრძალავს გასვლას სასაფლაოზე. დაველოდოთ, ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ახალი რეგულაციები თუ რამე იქნება, ჩვენ გავიგებთ“, – განაცხადა მეუფე იოანემ.