მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერა
მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერა

მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ხელი მოაწერა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან.

„28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან“, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ N160 ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს ილია მეორე.

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.