მეუფე გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სრულად ითვალისწინებს სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას
მეუფე გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სრულად ითვალისწინებს სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას

ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტის თქმით, რეკომენდაციებს, რომელიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპარქია დიდი ხანია იცავს.

როგორც ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურებამდე ​ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. მისივე თქმით, ლიტურგია სავარაუდოდ ზუგდიდის მშენებარე ტაძარში გაიმართება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე.  მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აღდგომის დღესასწაულზე დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან იქნებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების დაცვას​.