მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ ორ ადამიანს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ ორ ადამიანს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ორ პაციენტს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინგოროყვას კლინიკაში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული ოთხი პაციენტი მიიყვანეს. როგორც ექიმი ამბობს, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტებისთვის ჩატარებული გამოკვლევებით ვლინდება თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმები, ქვედა კიდურების მოტეხილობა. ორი პაციენტი მზადდება საოპერაციოდ, ქვედა კიდურის მოტეხილობის გამო, საჭიროებს ოსტეოსიროზის ჩატარებას.

ორი პაციენტი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით​ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდება. მათ დღეს არ გაწერენ“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომელთა მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა დაფარავს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.