მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბოლო მონაცემებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დაშავებული სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას განაგრძობენ.

„ყველა მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენთაგანი გამოძიების შედეგებს ველოდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობას, თბილისის მერის განცხადებით, დღეს, 06:00 საათიდან მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა და დედაქალაქის მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. დილიდან მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.