მეტოქის ბანაკში - ელმასმა მყესი დაიზიანა, კოსტადინოვი ერთა ლიგაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ელიფ ელმასი ტრავმირებულია. გამოცემა „ეკიპას“ ცნობით, ბალკანელმა შემტევმა ნახევარმცველმა „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაიზიანა და კვირას „ემპოლისთან“ შეხვედრა ამიტომ გამოტოვა.
მანამდე „რომასთან“ მატჩში ელმასი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. მაშინ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა ელმასს დასვენება მოუწევს. გავრცელებულია ინფორმაციით, ელმასს მარცხენა ფეხის მყესი აწუხებს. თუმცა უცნობია, როდემდე მოუწევს დასვენება.
გაცილებით სერიოზულადაა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კიდევ ერთი ნახევარმცველის, ტიჰომირ კოსტადინოვის მდგომარეობა. პოლონეთის გლივიცეს „პიასტის“ მოთამაშემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სპორტული ტრავმა მიიღო – კოსტადინოვს წინა ჯვარედინი იოგები დაუწყდა და ბარსელონას კლინიკაში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
თუმცა სამკურნალოდ და მოედანზე დასაბრუნებლად ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდება. შესაბამისად, ერთა ლიგაზე საქართველოს წინაააღმდეგ ვერ ითამაშებს. კოსტადინოვმა ჩრდილოეთ მაკედონიის მაისურით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი სრულად ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი მას შემდეგ, რაც მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი გახდა.
ერთა ლიგის ც 4 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში ესტუმრება, ხოლო 23 სექტემბერს კი საქართველოში უმასპინძლებს.