მეტოქე | ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრები, მისი ლიდერი და მთავარი მწვრთნელი წლის საუკეთესოები გახდნენ #1TVSPORT
ლუქსემბურგში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფში (21 მარტს) საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლუქსემბურგის ნაკრების ლიდერი, გერმანული „მაინცის“ ნახევარმცველი, ლეანდრო ბარეირო დასახელდა, რომელმაც თითქმის ორჯერ მეტი ქულა (415) დააგროვა, ვიდრე მისმა კონკურენტმა, მრბოლელმა ვიქტორ ბეტენდორფმა. მესამე ადგილზე 168 ქულით ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ბელგიური „უნიონის“ მეკარე, ენტონი მორისი გავიდა.
ლუქსემბურგში საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 2001 წლის შემდეგ არ დაუსახელებიათ. ბარეირო ბუნდესლიგაშიც გამოირჩეოდა, ის „მაინცის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა და წამყვანი კლუბების ყურადღება მიიქცია.
წლის საუკეთესოდ გუნდად ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრები დაასახელეს. „წითელმა ლომებმა“ (ლუქსემბურგის ნაკრების მეტსახელი) ლუკ ჰოლცის ხელმძღვანელობით შესარჩევი ეტაპი 17 ქულით დაასრულეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნაკრებმა გამოკითხვაში 451 ქულა დააგროვა და მაგიდის ჩოგბურთელ ქალთა დუეტს (211) საგრძნობლად გაუსწრო.
წლის საუკეთესო მწვრთნელად ზედიზედ მესამედ ლუკ ჰოლცი დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა და შედეგად, ახლახანს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს. ჰოლცი 428 ქულით საგრძნობლად უსწრებს მძლეოსნობის მწვრთნელს, არნო სტარკს (264).