მეტე ფრედერიქსენი – რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს, მისი ქმედებები დაშინებასა და განხეთქილების შეტანას ისახავს მიზნად, ჩვენი პასუხია ერთმანეთთან უფრო ახლოს დგომა
რუსეთის ქმედებები დაშინებასა და განხეთქილების შეტანას ისახავს მიზნად, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი რუსული ფრეგატიდან დანიის საჰაერო ძალების ერთ-ერთ ვერტმფრენის მიმართულებით ე.წ. სასიგნალო გასროლებს.
დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დანიის სამხედრო ძალების მიმართ რუსეთის მხრიდან უგუნური ქმედება განხორციელდა.
„ეს იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით ვხედავთ. საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც სულ უფრო აგრესიული და თავდაჯერებული ხდება და ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს; რუსეთთან, რომელიც ნატო-ს ცდის და გამოწვევის წინაშე აყენებს. რუსეთს სურს, დააშინოს და განხეთქილება შეიტანოს. ჩვენი პასუხი კი ერთმანეთთან უფრო ახლოს დგომა და დანიისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ფრეგატიდან დანიის საჰაერო ძალების ერთ-ერთ ვერტმფრენის მიმართულებით ორი ე.წ. სასიგნალო გასროლა განახორციელეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ინციდენტთან დაკავშირებით დანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს.