მესის უგოლო სერია გრძელდება - ასეთი რამ 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა
მესის უგოლო სერია გრძელდება - ასეთი რამ 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ხეტაფე“ – 2:1. კატალონელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ ისევ ვერ შეძლო გატანა.

„ბარსელონას“ კაპიტანი ზედიზედ ოთხი მატჩია უგოლოდ ტოვებს მოედანს. ეს არგენტინელის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2014 წლის იანვარის შემდეგ, როცა მან ზედიზედ რვა მატჩი ჩაატარა გატანილი გოლების გარეშე. მესიმ „ხეტაფემდე“ ვერ შეძლო „ვალენსიას“, „ლევანტესა“ და „ბეტისის“ კარში გოლის გატანა.

ამასთან, ამ ოთხ მატჩში მესიმ ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს იმდენია, რამდენიც ფორვარდს პრიმერას წინა 20 მატჩში ჰქონდა.

32 წლის მესის ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 14 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.