დღეს, 18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია – ლუსაილის სტადიონზე ერთმანეთს 2022 წლის მუნდიალის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება: ლეო მესის არგენტინა კილიან მბაპეს საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ფინალი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ვარსკვლავური აკორდის მოლოდინი
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისკენ მთელი კარიერის განმავლობაში მიდიოდა და ძალიან ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ კარიერის გვირგვინად მუნდიალის მოგება დაიმსახურა. ლეო კაპიტანი და ქვეყნის სუპერგმირია, რომელმაც ნაკრები მხრებით ატარა. თავადაც გაჰქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა. საერთო ჯამში, მესის ანგარიშზე რვა ეფექტური ქმედება დაუგროვდა (5 გოლი + 3 საგოლე გადაცემა).
მის გარეშე არგენტინის ფინალში გასვლა ბევრად რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რადგან ამ გუნდში არ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მის შეცვლას შეძლებენ. არცერთ სხვა არგენტინელს არ შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება, როგორც ამას ლეო აკეთებს. არგენტინას მესი დიდ უპირატესობას ანიჭებს.
მბაპეს საფრანგეთი
მაგრამ აქ მეორე საკითხია – არგენტინას უპირისპირდება საფრანგეთის ნაკრები, რომელიც სამხრეთ ამერიკელებისგან განსხვავებით, თავიდანვე ამართლებდა ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გადის ფინალში, ასეთ წარმატებას კი შემთხვევით ვერავინ მიაღწევს.
ითამაშებს თუ არა კილიან მბაპე მესიზე უკეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? ეს 18 დეკემბრის მატჩის მთავარი კითხვაა – მარტო შეხვედრას ვერავინ მოიგებს, მაგრამ გუნდის თამაშს ლიდერები განაპირობებენ. მბაპე კი იმედოვნებდა, რომ კატარის მუნდიალი მის სახელთან გაიგივდებოდა. მას ძალიან გამოცდილი გუნდელები ჰყავს.
ანალიტიკოსები ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების შანსებს თანაბრად მიიჩნევენ. თუმცა, მესის გარდა, საფრანგეთის ნაკრების საწინააღმდეგოდ სხვა პრობლემებიც იმოქმედებს – აცგუნდში ჯერ არ იციან, ითამაშებენ თუ არა ჩუამენი და ერნანდესი, რადგან ორივეს ტრავმა აწუხებდა, ხოლო რაბიომ მაროკოსთან თამაში ავადმყოფობის მიზეზით გამოტოვა – მისი მდგომარეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო ვარჯიშზე ოლივიე ჟირუმ მუხლი იტკინა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, 24 საათზე ნაკლებ დროში მისი მომჯობინება, ფრანგული მედიის ცნობით, საეჭვოა.
გუნდს ქარიმ ბენზემაც დააკლდება. „რეალის“ ლიდერი გაღიზიანებული ჩანს, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი ტრავმა არცთუ ისე სერიოზული იყო, მაგრამ ის, ფაქტობრივად, გააძევეს გუნდიდან და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უარი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზებაზე, გამგზავრებულიყო მასთან ერთად კატარში ფინალის საყურებლად. ამავე წინადადებით მიმართეს სხვა ფეხბურთელებსაც, რომლებმაც ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვეს.
არგენტინის ნაკრებში კი ყველაფერი რიგზეა და იბრძოლებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის, არამედ მესისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი შედის ტოპ-5 ნაკრებში, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ მოგებული. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები მეექვსედ ითამაშებს. 1978 და 1986 წლებში გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 1930, 1990 და 2014 წლებში დამარცხდა. ფრანგები ფინალში მეოთხედ გავიდნენ – მოიგეს 1998 და 2018 წლებში, ხოლო 2006 წელს დამარცხდნენ. ახლა მეოთხე ცდაა.
არგენტინა – საფრანგეთი
მსოფლიო ჩემპიონატი – ფინალი. 2022 წლის 18 დეკემბერი
18 დეკემბერი, 19:00 საათი. ლუსაილის სტადიონი (ლუსაილი)