მესიმ ზედიზედ მესამე მატჩში დუბლი შეასრულა - „ინტერ მაიამიმ“ 2:4-დან გადაარჩინა ლიგების თასის მერვედფინალი და პენალტების სერიაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩრდლოეთ ამერიკაში ლიგების თასის მერვედფინალი გაიმართა, რომელშიც „დალასმა“ შინ მიიღო „ინტერ მაიამი“.
პირველად „ინტერ მაიამის“ სასტარტო შემადგენლობაში ერთად მოხვდნენ ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა.
სწორედ ალბას პასით მეექვსე წუთზე მესიმ გახსნა ანგარიში – ეს არგენტინელის მიერ ახალ კლუბში ზედიზედ მეოთხე მატჩში გატანილი გოლი იყო. თუმცა, ამის შემდეგ, „დალასი“ ზედიზედ სამი გოლით 3:1 დაწინაურდა. ამას მოჰყვა ჟორდი ალბას კიდევ ერთი საგოლე პასი, რომლითაც 18 წლის ბენჯამინ კრემაშიმ სხვაობა შეამცირა – 2:3.
68-ე წუთზე „დალასი“ ისევ გაწინაურდა ორი ბურთის სხვაობით და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ „ინტერ მაიამიმ“ ჯერ მე-80 წუთზე ავტოგოლით და შემდეგ 85-ე წუთზე მესის მეორე გოლით ანგარიში გაათანაბრა – არგენტინელმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა – 4:4.
მესის „ინტერ მაიამიში“ ჩატარებულ ოთხ მატჩში შვიდი გოლი დაუგროვდა, ამასთან ბოლო სამ მატჩში მან ზედიზედ შეძლო დუბლის შესრულება.
ფორმატის მიხედვით, ლიგების თასის პლეი ოფში დამატებითი დრო არ არის გათვალისწინებული და პირდაპირ დაინიშნა პენალტების სერია. მაიამელებმა ხუთივე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულეს და 5:4 მოიგეს.
მეოთხედფინალში „ინტერ მაიამი“ „შარლოტსა“ და „ჰიუსტონ დინამოს“ შორის მოგებულს შეხვდება.