მესიმ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდსა და არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ BBC Sport-თან ინტერვიუში არგენტინელი ფეხბურთელის ავტორიზებულმა ბიოგრაფმა, გილიემ ბალაგემ განაცხადა.
„არავინ, მათ შორის მესიმაც კი არ იცის, ითამაშებს თუ არა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩება, გადაწყვეტილებას ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღებს. ახლა ის უბრალოდ მომენტით ტკბება. ბევრს იმედი აქვს, რომ ის ისევ გაუძღვება წინ არგენტინას, მაგრამ ეს მისი პირადი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ბალაგემ.
ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მესი „თამაშიდან თამაშამდე“ ცხოვრობს და შორსმომავალ გეგმებს არ აწყობს. მისი კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ესეც არ იძლევა საგაისო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარანტიას.