მესი და იოკიჩი ESPN-ის წლის სპორტსმენის პრიზისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ცნობილი გახდა ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ის ყოველწლიური სპორტული პრემიის, ESPY-ის ნომინანტთა სია.
მამაკაცებს შორის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ: „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი, „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი, ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ვარსკვლავი პატრიკ მაჰოუმსი და ბეისბოლისტი აარონ ჯორჯი „ნიუ იორკ იანკიზიდან“.
გასულ წელს ეს პრიზი მიიღო „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა, სტეფენ კარიმ.
ასევე, მესი ნომინირებულია „საუკეთესო საჩემპიონო გამოსვლის“ კატეგორიაში. მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აქ არგენტინელის კონკურენტები იქნებიან MMA-ის მებრძოლი ლეონ ედვარდსი (მან UFC 278-ზე ნოკაუტით მოუგო კამარუ უსმანს), ნიკოლა იოკიჩი (NBA-ის ფინალის MVP) და გოლფისტი როუზ ჟანგი (მოიგო სადებიუტო პროფესიული ტურნირი).
ქალებს შორის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები), სოფია სმიტი (ფეხბურთი), იგა შვიოტეკი (ჩოგბურთი) და ეიჯა უილსონი (კალათბურთი).
ESPY-ის ჯილდოების გადაცემის ცერემონია 12 ივლისს ლოს ანჯელესში გაიმართება.