მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი - ვაღიარებ, უყურადღებობა მომივიდა, ვიცი, უნდა დავისაჯო, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩამკეტავთ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ოჯახი მრჩება ისე
მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი - ვაღიარებ, უყურადღებობა მომივიდა, ვიცი, უნდა დავისაჯო, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩამკეტავთ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ოჯახი მრჩება ისე

ვაღიარებ, უყურადღებობა მომივიდა, ვიცი, რომ უნდა დავისაჯო, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩამკეტავთ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ოჯახი მრჩება ისე, – გიორგი რურუას ცემის საქმეზე ბრალდებულმა, მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა, შალვა მარგველაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, 29 წელია კანონს ემსახურება და კანონდარღვევა არასოდეს ჩაუდენია.

ამასთან, როგორც მარგველაშვილმა განმარტა, უყურადღებობის მიზეზი გადაღლილობა გახდა. მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს 20 დღის განმავლობაში დაწესებულებაში უწევთ ყოფნა.

„29 წელია უზენაეს კანონს ვემსაუხრები აქედან 23 წელი პოლიციაში ვარ ნამუშევარი. მე კანონისგან გადამხვევი არასოდეს ვყოფილვარ. არ გავურბივარ არაფერს. ვაღიარებ, რომ მოხდა, რაც მოხდა. ვიცი, რომ უნდა დავისაჯო, მაგრამ 20-20 დღე ვართ შიგნით ჩაკეტილები და დაღლილობის გამო მოხდა. მომივიდა ეს, მართალი ხართ, არ უარვყოფ და მომიხდა ეს უყურადღებობა. მე არსად გამქცევი არ ვარ, ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. ვის გავექცე, ჩემ თავს და სინდისს? პატიოსანი მოქალაქე ვარ და კანონი არასოდეს დამირღვევია. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ ჩამკეტავთ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. რაღაცა რომ მივაწოდო, ეს არის ჩემი ტკივილი, ოჯახი მრჩება ისე“, – განაცხადა შალვა მარგველავშილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ცემის საქმეზე მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მათ სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.