„მერანმა“ მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა #1TVSPORT
„მერანმა“ მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ტურის გადადებული სამი შეხვედრა გაიმართა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს – მარტვილის „მერანმა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

სპაერი – სამტრედია 0:1

სპაერის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გივი იოსელიანმა გაიტანა. „სამტრედიას“ კაპიტანმა მასპინძელთა კარი 48-ე წუთზე აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

გარეჯი – მერანი თბ 1:1

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის „მერანმა“ გასვლაზე ქულა მოიპოვა. 37-ე წუთზე საგარეჯოელთა კოტდივუარელმა ნახევარმცველმა მუსტაფა კამატემ „მერანის“ კარი აიღო, მაგრამ 44-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

მერანი მრ – შევარდენი 4:0

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ ჭყონდიდელებმა თბილისის „შევარდენი“ მიიღეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. ანგარიში 31-ე წუთზე დავით ლომთაძემ გახსნა. 5 წუთში კი დუბლი გაიფორმა პირველი გოლის ავტორმა. 54-ე წუთზე „მერანმა“ პენალტი ვერ გამოიყენა. ცოტნე ფაცაციას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 66-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა, სტანისლავ სოროკინმა ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. 10 ფეხბურთელით დარჩენილ თბილისელებს კიდევ უფრო გაუჭირდათ დარჩენილ დროში. 68-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ ანგარიში უფრო სოლიდური გახადა, ხოლო მატჩს საბოლოო წერტილი 82-ე წუთზე დათა წულაიამ დაუსვა. „მერანმა“ მოიგო და ლიდერ ქობულეთის „შუქურასთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.