„მერანმა“ ლიდერობის დაბრუნების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
„მერანმა“ ლიდერობის დაბრუნების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-11 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. მასპინძლებმა დიდად ვერ იყოჩაღეს – ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთიც წააგეს.

 

მერანი (თბ) – დინამო (ზგ) 3:0

ეს გუნდები ლდიერთა ჯგუფში დამკვიდრებას ცდილობენ და სატურნირო კუთხით მატჩის შედეგი მნიშვნელოვანი იყო. თბილისის „მერანმა“ „სპაერის“ სტადიონზე ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გოლები პირველივე ტაიმში გავიდა – ზუგდიდელთა კარი აიღეს ცოტნე ჩიქოვანმა (22), თემურ გაბუნიამ (26) და ჯაბა კასრელიშვილმა (39). 61-ე წუთზე „მერანს“ ნიკა ხეცურიანი გაუგდეს, მაგრამ ამან შედეგზე გავლენა ვეღარ მოახდინა.

 

გარეჯი – მერანი (მრ) 2:2

საგარეჯოში გამართულ შეხვედრაში „გარეჯმა“ ახალი მთავარი მწვრთელის, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა ერთ-ერთ ლიდერ მარტვილის „მერანთან“. მარტვილელები ქულებით (23) ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ გაუტოლდნენ, მაგრამ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვეს.

 

შევარდენი 1906 – სპაერი 2:3

კასპის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „სპაერმა“ პირველივე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა ლევან პაპავას (38) და კობა ქებურიას (41) გოლებით. „შევარდენმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 46-ე წუთზე თავი ნიკა ჯიშკარიანმა გამოიჩინა, ხოლო ხუთ წუთში მეტოქის კარი ნიკა ქორიძემ აიღო. „სპაერმა“ ეს რთული მატჩი მაინც მოიგო – გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე კობა ქებურიამ გაიტანა და დუბლით გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ეროვნულ ლიგაში 2-ში ტურის დანარჩენი ორი მატჩი ხუთშაბათს, 12 მაისს გაიმართება – „სამტრედია“ „რუსთავს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ – გათამაშების ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“.