მერაბ შარიქაძე: სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი, როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია #1TVSPORT
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა.
მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ტურნირზე ნაკრების გამოსვლა შეაფასა. შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მოგება დაიმსახურა.
„ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით.
ადრეც ვთქვი, რომ საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და ერთხელაც დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი, როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ქომაგები ესპანეთშიც არ მოგვკლებია და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში პორტუგალიის ნაკრებს ექვსი ლელო გაუტანა, 38:11 სძლია და რაგბი ევროპის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.