მერაბ შარიქაძე - მსოფლიო თასზე წარმატებამ, შესაძლოა, რაგბის განვითარების მხრივ საქართველოში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოს #1TVSPORT
„მსოფლიო რაგბის“ (World Rugby) ვებგვერდზე საქრთველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლოდროინდელ წარმატებასა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.
ნაკრების კაპიტანმა „ბორჯღალოსნების“ მიერ კარდიფში უელსის ნაკრების დამარცხება გაიხსენა და ამ მოგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გუნდის განვითარებისთვის უელსთან გამარჯვება უმნიშვნელოვანსი მოვლენა იყო, რამაც ნაკრებს მეტი თავდაჯერება შესძინა:
„საკუთარი თავის რწმენა არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ როდესაც ასეთი დონის მეტოქეს სტუმრად ამარცხებ, ეს სულ სხვა გრძნობაა და გუნდს უფრო მეტად თავდაჯერებულს ხდის, ხედავ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შესაძლებელია“, – ამბობს შარიქაძე.
19 მარტს საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე – გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს, ნახევარფინალში კი რუმინეთს მოუგო.
„ამ ტურნირის მოგება ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა გუნდი ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებების შემდეგ. ვფიქრობ, არავის გაუხარდებოდა, იტალიასთან და უელასთან მოგებების შემდეგ ნაკრებს წარუმატებლად რომ ეთამაშა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნაკრები ვითარდება და დიდ გუნდებთან შემთხვევით არ მოგვიგია“.
მსოფლიო თასი
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებით გაგრძელდა ქართული რაგბის დომინირება ამ ევროპულ ტურნირში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის მორიგი ტიტულის მოგების გარდა, წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდა. ნაკრებთან ერთად, წარმატებით ასპარეზობს ქართული კლუბი „შავი ლომი“, რომელმაც ორჯერ მოახერხა ევროპის სუპერთასის მოგება.
მერაბ შარიქაძე „შავი ლომის“ ერთ-ერთი ლიდერია, მასთან ერთად საქართველოს ნაკრების შეადგენლობაში ფინალში ამ კლუბის კიდევ ხუთმა მორაგბემ ითამაშა. კაპიტანმა ნაკრების წინსვლაში „შავი ლომის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა
„საქართველოს ნაკრების წარმატებში უდიდესი წვლილი შეაქვს „შავი ლომის“ წარმატებულ ასპარეზობას. არა მარტო მოგებები, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხიც დიდწილად დაკავშირებულია ამ გუნდთან“, – ამბობს შარიქაძე.
საქართველოს ნაკრებისა და მისი კაპიტნის მთელი ყურადღება ახლა მომავალი მსოფლიო თასისკენ არის მიმართული, რომელიც 2023 წლის სექტემბერში საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატი შარიქაძისთვის კარიერაში მესამე იქნება. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს და პირველად ითამაშებს ამ ტურნირის მეოთხედფინალში.
„მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვა დონის ტურნირია. პორტუგალიასთან მომავალ თამაშზე ახლა ლაპარაკი ნაადრევი და გაუმართლებელია. ბოლო ორმა მსოფლიო თასმა დაგვანახა, რომ ამ დონის ტურნირზე და ასეთ სახელოვან მეტოქეებთან შეხვედრის დროს ერთი შეცდომაც საბედისწეროა და მისი დაშვება გუნდს წარმატების შანსს უკარგავს. ამ დონის ტურნირზე ყველაფერი შეიძლება წვრილმანებმა გადაწყვიტოს. თუ წლევანდელ მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გასვლა მოვახერხეთ, ამან, შესაძლოა, რაგბის განვითარების მხრივ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოს“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.