მექსიკაში, წყალქვეშა მღვიმეში გამყინვარების ხანის გიგანტური დათვისა და ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს
მექსიკაში, წყალქვეშა მღვიმეში გამყინვარების ხანის გიგანტური დათვისა და ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს

დაახლოებით 10 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების ხანაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის არსებულ რეგიონში საშიში მხეცები ბინადრობდნენ, მათ შორის იყვნენ მგელის მსგავსი ხორცისმჭამელები და ყველაზე დიდი დათვები, რომლებსაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე.

მექსიკაში, ერთ-ერთ წყალქვეშა მღვიმეში, უძველეს სამარხში აღმოაჩინეს უზარმაზარი, მოკლესახიანი დათვის (Arctotherium wingei) თავის ქალა, მგლის მსგავსი ძაღლის ძვლები (Protocyon troglodytes), უძველესი ზარმაცების, ტაპირების, ხმალკბილა კატების, პუმების, სპილოს მსგავსი გომფოტერების, დათვების, ძაღლის მსგავსი ცხოველების და რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი. ყველა მათგანი დაახლოებით 12 000 წლის წინანდელია.

ამ ყველაფერს მეცნიერებმა იუკატანის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან, საკ-აკტუნის მღვიმეთა სისტემაში, ოიო-ნეგროს ჩაღრმავებაში იპოვეს. ოიო-ნეგრო ესპანურად „შავ ხვრელს“ ნიშნავს, ამ ჩაღრმავებამ კი ერთგვარი ბუნებრივი დროის კაფსულის როლი შეასრულა გვიანდელი პალეოცენის ხანიდან.

დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხვრელში მრავალი უძველესი სახეობა ჩავარდა და მოკვდა, შემდეგ კი ის გამდნარმა მყინვარებმა ამოავსო და წყალი იქ მუდმივად დარჩა.

ძვლებს ამერიკელი და მექსიკელი მკვლევრები გასული 12 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გიგანტური დათვისა და მგლის ძვლებმა მოახდინა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იპოვეს, მაგრამ თავდაპირველი იდენტიფიცირება არასწორი აღმოჩნდა.

ცენტრალური ამერიკის ტროპიკებში ძვლების აღმოჩენა უკვე იშვიათობაა, მაგრამ განსაკუთრებით შოკისმომგვრელი ამ ორი სახეობის აღმოჩენა იყო. მეცნიერები ამ დრომდე ფიქრობდნენ, რომ მოკლესახიანი დათვი და მგელი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, 2000 კმ-ის მოშორებით იყო ერთ დროს გავრცელებული.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის მიმდინარე სახეობათა გაცვლა-გამოცვლის დროს, ეს ორი მტაცებელი შესაძლოა, ყვავილების სუნმა შეაჩერა და საბოლოოდ, ბინა ამ აყვავებულ რეგიონში დაიდეს.

როგორც მკვლევრები წერენ, ასევე შესაძლებელია, რომ სამხრეთში გადასახლების შემდეგ, ეს ქმნილებები კიდევ ერთხელ დაიძრნენ ჩრდილოეთით, ბოლო სრული მყინვარული მოვლენის დროს ან მის შემდეგ, 35000-12000 წლის წინ.

კვლევის მიხედვით, მათი თანაარსებობა მრავალგვარ ზარმაცასთან ერთად, მიუთითებს ამ ორგანიზმთა გაცილებით კომპლექსურ ისტორიაზე ცენტრალურ ამერიკაში.

მკვლევართა აზრით, ბოლო გამყინვარების ხანით გამოწვეულმა ლანდშაფტურმა და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა წაახალისა კონტინენტებს შორის სახეობათა გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის იყო როგორც მოკლესახიანი დათვი (Arctotherium wingei) და მგლის მსგავსი ძაღლი (Protocyon troglodytes), ისე ჰომო საპიენსი.

მღვიმეთა ამ სისტემაში არქეოლოგებს მრავალი ჩონჩხი აქვთ აღმოჩენილი, მაგრამ მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი იყო 2007 წელს აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 13 000 წლის წინ მცხოვრებ მოზარდ გოგონას ეკუთვნოდა.

ეს გახლავთ დასავლეთ ნახევარსფეროში აღმოჩენილი ადამიანის ერთ-ერთი უძველესი ჩონჩხი — მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები ერთ დროს გიგანტური ზარმაცების, უზარმაზარი დათვებისა და სხვა მხეცების გვერდით ცხოვრობდნენ.

კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.