მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი.
როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.
ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქალაქში არეულობა და სროლა დაიწყო. ნარკოკარტელის წევრები ქუჩებში ავტომობილებს წვავდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოვიდიო გუსმან-ლოპესი და მისი ძმა ხოაკინი სინალოას შტატში, სულ მცირე, 11 ლაბორატორიას ფლობენ, სადაც თვეში 1 300-დან 2 200 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ მზადდება.
დეკემბერში აშშ-მა ოვიდიო გუზმან-ლოპესის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით ხუთი მილიონი დოლარი დააწესა. მამამისი – ხოაკინ გუზმანი, მეტსახელად „ელ ჩაპო“ ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს.