მეოთხე ლიგაში მოთამაშე „გონიომ“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი დაიმატა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგის გუნდის ფონზე, „გონიომ“ მოულოდნელი ტრანსფერები განახორციელა და ახლა კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე დაიმატა – ახალი სეზონიდან „გონიოში“ ნოდარ იაშვილი ითამაშებს, რომელიც წლების განმავლობაში ეროვნული ლიგის წამყვან გუნდებში გამოდიოდა და საქართველოს ნაკრების კანდიდატიც იყო.
„გონიოს“ პრესსამსახურის ცნობით, ტრანსფერი დადასტურებულია – 30 წლის გამოცდილი მცველი ახალი სეზონიდან იმ გუნდის ღირსებას დაიცავს, რომელსაც ძალიან ამბიციური მიზნები აქვს – საქართველოს თასის ფინალში გასვლა და ეროვნულ ლიგა 3-ში დაწინაურება.
პოზიციით მარცხენა მცველი ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. ნოდარ იაშვილმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ რიგებში, ერთხელაც სუპერთასი მოიპოვა.
„გონიო“ ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. კლუბის დამფუძნებელმა, დავით დოლიძემ ეროვნულ ლიგაში გადასული ქობულეთის „შუქურიდან“ სპორტული დირექტორი ირაკლი ბერიძე და რამდენიმე მოთამაშე მიიწვია.
გუნდმა ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა – რომან ტაკიძე, ლევან ინგოროყვა, დავით სამსონია, ბექა ვარშანიძე, მირზა ფარტენაძე, ვაკო თევდორაძე, გიორგი ჩელებაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ამირან გოგიტიძეა, ხოლო მეკარეებს იური მამინაშვილი ავარჯიშებს.